ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს (გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ მიიღო.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ გიორგი ვახტანგაშვილის საქმე განიხილა და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე ნაკლებად მძიმე, გაუფრთხილებელი დანაშაული იყო, კომისიამ მიიჩნია, რომ ყველა კრიტერიუმი არსებობდა, რათა ვახტანგაშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეცვლილიყო. სასჯელის დარჩენილ ნაწილს ის ელექტრონული სამაჯურით მოიხდის", - თქვა ვახტანგაშვილის ადვოკატმა.
ვახტანგაშვილის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო აღძრული, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი;
აღნიშნულ საქმეზე დაკავებული იყო სულ 9 პირი.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.