სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა.
სააპელაციომ განუხილველად დატოვა დაკავებულების ადვოკატის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
დაკავებულების ადვოკატის გური იმნაძის განცხადებით, ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას და მზად არიან, აანაზღაურონ ზიანი.
"ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას, და პირიქით, მზად არიან, რომ აანაზღაურონ ეს ზიანი. პირიქით, ჩვენი მხრიდან უფრო არის აქტიური კომუნიკაცია მათ შორის აღსრულების სამსახურთან, რომ დროულად წარმართულიყო პროცესები. ამ გარემოების მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ეს ყველაფერი უკვე ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას დაკავებულების მიმართ", - თქვა ადვოკატმა.
25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს.
აკაკი ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
პოლიციამ მოძრაობა "ხმის" თანადამუფძნებლები გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებას ედავება.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.