არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ინფორმაციით, კახეთში დააკავეს კაცი, რომელიც ურთიერთობაზე უარის გამო, ქალს მოკვლით ემუქრებოდა.
"29 იანვარს, საფარის კახეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელსაც ნაცნობი კაცი მოკვლით ემუქრებოდა.
მანამდე, 5 იანვარს კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც ის გამოცემის მეორე დღიდანვე სისტემატურად არღვევდა, მუქარას და ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა. მუქარის მიზეზი კი ქალისგან ურთიერთობაზე მიღებული უარი იყო.
საქმეში ჩართვისთანავე საფარის კახეთის რეგიონის იურისტმა, მარი ზურაბაშვილმა ქალთან ერთად 30 იანვარს მიმართა პოლიციის სამმართველოს, რომელსაც ქალის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები წარუდგინეს. გამოძიება მუქარის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო, კაცი იმავე ღამით დააკავეს.
უახლოეს მომავალში პროკურატურა ქალს დაზარალებულად ცნობს და მოძალადეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენს. აღკვეთი ღონისძიების შესახებ მოთხოვნით სასამართლო კი კანონით დადგენილ ვადაში გაიმართება, - აღნიშნულია ინფორმაციაში.