ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრმა ბექა ვარდოსანიძემ რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
ვარდოსანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტექნიკა ჩამოართვეს.
"დასამალი არაფერი არა მაქვს... ტექნიკური საკითხია. ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ელექტრონული ფოსტა და მიმოწერები და ა.შ. ინტერნეტმა გვაწამა რასაც ჰქვია, იმიტომ, რომ ცუდი სიხშირე იყო და მაგის გამო გაგვეწელა დრო... ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ახლა, უბრალოდ, ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას, ინფორმაციის გაგრძელებას და ეგ არის რა". - თქვა ვარდოსანიძემ.
სუსი-ს ინფორმაციით, დღეს, 31 იანვრის დილით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის ბინა და ავტოფარეხი გაჩხრიკა.
"დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები", - ნათქვამია განცხადებაში.
სუსი-ს თანახმად, 31 იანვარს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, "რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები".