ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 51 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 51 წლის კაცმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.