გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ამ დროისთვის, ბრალდებული კლინიკაში იმყოფება, კომატოზურ მდგომარეობაში.
გამოძიება მამაკაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.
კაცს, რომელმაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაჭრა, 20 იანვარს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.