დააკავეს 37 წლის კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები ნათესავებს Whatsapp-ით გადაუგზავნა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო.ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს whatsapp-ის საშუალებით გადაუგზავნა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.