მამაკაცს, რომელიც ძაღლის სასტიკად ცემის ფაქტზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.
ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და მსგავს დანაშაულზე სასჯელიც გამკაცრებულია.
ცხოველზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ადვოკატი კი აცხადებს, რომ პროკურატურას საქმეში არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებს.