სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ბულაჩაურში, კერძო პარკინგზე, თავდასხმა სცადეს.
ტვ პირველის ცნობით, დაცვის თანამშრომელი ცდილობდა, ფიზიკურად გასწორებოდა ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს და დაეზიანებინა ტელევიზიის ტექნიკა.