რუსეთი გეგმავს ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას, რაც გააძლიერებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მოსკოვის დარტყმების შესაძლებლობას. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვით The Wall Street Journal-ს განუცხადეს.
"აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანთან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი აპირებს ირანისგან სარაკეტო სისტემების შეძენას", - თქვა გამოცემის წყარომ.
ირანული რაკეტების მიწოდება შესაძლოა მიმდინარე წლის გაზაფხულზე განხორციელდეს, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუმცა, როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, ამ დროისთვის შეთანხმება ჯერ არ არის დადებული.
გამოცემის წყაროს თქმით, რუსეთმა უკვე დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარებისა და ათობით ბალისტიკური რაკეტის მიღება ჩრდილოეთ კორეიდან.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოსკოვს ირანული რაკეტების შეძენის სურვილი დეკემბრის შუა რიცხვებში გაუჩნდა, როდესაც რუსეთის დელეგაცია ირანულ ბაზას ეწვია.
სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ ირანული და ჩრდილოეთ კორეული რაკეტების შეძენამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს რუსეთის აგრესიულ ძალისხმევას უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დასაძლევად.