გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჰკითხეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელშიც ლავროვმა თქვა: „3+3-ს ფორმატი, საქართველოსთან ერთად, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს“.
შალა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია.
„პირველი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება ცალკეული ჯგუფებისთვის მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.