ვიზიარებ გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების, მთელი საქართველოს გულისტკივილს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
კახა კალაძის თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება და სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
„საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ – გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, – წერს კახა კალაძე.
გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა. შსს-ის ცნობით, გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.