რუსული მხარის განცხადებით, რუსეთის 5 რეგიონსა და ოკუპირებულ სევასტოპოლზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, 30 აგვისტოს ღამით, რუსეთის ძალებმა ფსკოვის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის. გუბერნატორის განცხადებით, იერიშის შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლოკალიზებულია. მისივე ცნობით, დაზიანდა ან მწყობრიდან გამოვიდა ილ-76-ის ტიპის სულ მცირე ოთხი თვითმფრინავი. აეროპორტში რეისები 31 აგვისტომდე გადაიდო.
ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბრიანსკის ოლქში სამი და ორლოვის ოლქში - ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს. მოგვიანებით, ბრიანსკისა და ორლოვის ოლქების გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ რეგიონებში დაშავებულები არ არიან. სხვა ცნობების თანახმად, ბრიანსკში ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა ერთ-ერთ ქარხანას, რის შედეგედაც ხანძარი გაჩნდა. ორლოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით კი, რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ გაანადგურა, 4 კატერი, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 50-მდე სამხედრო იმყოფებოდა.
ასევე რუსული მხარის განცხადებით, ერთი დრონი გაანადგურეს კალუგის ოლქში.
სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით კი, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ოკუპირებული სევასტოპოლის ყურეს მიდამოებში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს რიაზანის ოლქში.