ქართულ-უკრაინული პლატფორმის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან გაიმართება უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი.
ორგანიზაციის ცნობით, ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტვივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები გაშლიან 32-მეტრიან უკრაინის დროშას მშვიდობის ხიდზე. მათივე ცნობით, 32 სიმბოლური რიცხვია, და ნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს.
„ჩვენ ერთად გავშლით 32 მეტრის სიგრძის დროშას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ უკრაინა 32 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მათ შორის მეგობრების წყალობით მთელი მსოფლიოდან“, - ამბობენ ფლეშმობის ორგანიზატორები.
ფლეშმობი 23 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება. მსურველების შეკრება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდთან დაიწყება 18:40 საათზე.
ივენთის ორგანიზატორია ქართულ-უკრაინული პლატფორმა. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მოყოლებული პლატფორმის, და მისი თანადამფუძნებლის, ვალენტინა მარჯანიშვილის ძალისხმევით, ათობით პროექტში ათასობით დევნილი უკრაინელია ჩართული - ეს არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, ჰუმანიტარული დახმარების, განათლების, სამედიცინო დახმარების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, იურიდიული კონსულტაციის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით გაწეული დახმარება.