ისნის რაიონს სამი საბავშვო ბაღი შეემატება. ამჟამად მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნენ.
N30 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მომავალი წლიდან კი ახალი, 11-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 350 აღსაზრდელს მიიღებს.
შემოდგომაზე დასრულდება ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მშენებარე ბაღის პროექტიც, რის შემდეგაც ის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა დასასრულისკენ მიდის და რამდენიმე თვეში მისი ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება.
კიდევ ერთი, N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შენდება.
„ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შევხვდებით, წლის ბოლომდე კი კიდევ რამდენიმე ბაღი შევა ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რადგან ბაღი 20-ჯგუფიანი იქნება და 700 ბავშვს მოემსახურება. მისი გახსნა 2024 წლის ბოლომდე იგეგმება,“ - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ახალი ბაღები აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტს და ყველა პირობაა შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებისათვის.