კახის რაიონის სოფელ ალიაბადის მოსახლეობა ქართული კულტურის ცენტრის აღდგენაში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.
როგორც ალიაბადის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, საქართველოს ხელისუფლებამ, კახის რაიონის ხელმძღვანელობას, გასულ წელს, შენობის საკუთარი ხარჯებით აღდგენა შესთავაზა, რაზედაც კახის ხელისუფლებამ უარი თქვა.
„ქართულ მხარეს უთხრეს, რომ შენობას საკუთარი ხარჯებით აღადგენდნენ, მაგრამ არაფერი არ გააკეთეს. რაც ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა, არცერთი ღონისძიება აღარ ჩატარებულა. ცენტრის დაწვის მიზანი სწორედ ეს იყო და მისი აღდგენაც ამიტომ არ ხდება. მივმართავთ საერთაშორისო ორგანზაციებს, რომ ყურადღბა მოგვაქციონ და დახმარება გაგვიწიონ", - აღნიშნეს ალიაბადის მაცხოვრებლებმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ალიაბადში ქართული კულტურის ცენტრი 2009 წლის 4 ოქტომბერს დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა სამართალდამცავებს ხანძრის გაჩენი მიზეზები ამ დრომდე არ დაუდგენიათ.
ალიაბადში ქართული კულტურის ცენტრი 2001 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა დააფუძნეს. კულტურის ცენტრის დირექტორის გივი ნადირაშვილის განცხადებით, თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობდნენ. კულტურის ცენტრში ქართველი ბავშვები ქართულ ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს სწავლობდნენ.