საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, "რადიკალური ნაციონალიზმის გამოვლინების იმ საშინელ სახეს, რასაც მოსკოვში აქვს ადგილი, "ვლადიმერ პუტინი" და "დიმიტრი მედვედევი" ჰქვია".
"რუსეთის დედაქალაქში ნაციონალურ ეთნიკურ ნიაგადაგზე მასობრივი შეჯახებები მიმდინარეობს. ეს არის რადიკალური ნაციონალიზმის გამოვლინების ყველაზე საშინელი სახე. პრაქტიკულად ნადირობა მიმდინარეობს არარუს მოქალაქეებზე, განურჩევლად იმისა, ისინი კავკასიელები არიან, შუა აზიის წამრომადგენლები თუ უბრალოდ, სახით არ ჰგვანან რუსებს", - ასე გამოეხმაურა წიკლაური პარლამენტის დღევანდელ სესიაზე მოსკოვის ეპიცენტრში მიმდინარე არეულობას და აქვე დასძინა, რომ "მილიცია არაფერს აკეთებს ამ უკანონობის აღსაკვეთად".
მისივე შეფასებით, "სხვა კანის ფერის და ეთნოსის ადამიანებზე თავდასხმები და გამოხტომები რუსეთის ხელისუფლების აგრესიული, ნაციონალისტური და მეტიც, ნაცისტური ქმედებების ნაწილია".
"ამ ვითარებაში დიდ დატვირთვას იძენს საქართველოს პრეზიდენტის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლა, სადაც მან განაცხადა, რომ კულტურული არეალის თვალსაზრისით არსებობს მხოლოდ ერთი კავკასია. ყველა უნდა შევიკრათ, რათა წინ აღვუდგეთ ამ ყოვლის წამლეკავ ტალღას, რომლის სახელიცაა "პუტინი" და "მედვედევი"", - განმარტა დეპუტატმა.