საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მთავრობის დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს მიღებული მთავრობის 320-ე დადგენილება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონისა და სახელმწიფო სტრატეგიის წინააღმდეგობაში მოდის.
"2010 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წესს ეხება, პრაქტიკულად, სრულ წინააღმდეგობაში მოდის როგორც შესაბამის კანონთან, ისე სტრატეგიასთან არა მარტო სამართლებრივი კუთხით, არამედ ის ეწინააღმდეგება იმ პათოსსა და იდეებს, რომელიც ამ დოკუმენტებშია ჩადებული. კერძოდ, ის აფართოებს წრეს იმ აკრძალული საქმიანობისა, რომელიც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით და ე.წ. ჩართულობის სტრატეგიით უკვე განსაზღვრულია", - განმარტა ლალიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, აღნიშნულის გარდა მთავრობის დადგენილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლსაც აწესებს.
"ეს დაუშვებელია. კანონი ბევრად მაღალი რანგის დოკუმენტია, ვიდრე მთავრობის დადგენილება, ამიტომაც გთხოვთ მხარში დაგვიდგეთ, რომ მთავრობის 320-ე დადგენილება ბათილად იცნოს", - მიმართა ლალიაშვილმა კოლეგებს.