მარტის აქციების მონაწილე, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.
პროკურორი ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე თქვა, რომ მიმალვა არ სურს.
„მიმალვა რომ მდომოდა, ერთ თვეში დავიმალებოდი. ის ტანსაცმელი მეცვა დაკავებისას, რომელიც აქციაზე მეცვა და არ გამინადგურებია არაფერი“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
სხდომის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას ესწრებოდნენ მისი მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.