ამ კანონის მიზანი არის, რომ სიტყვა ,,აგენტი“ დაუკავშირონ არასამთავრობო სექტორს, რაც საქართველოში მოღალატეობასთან არის ასოცირებული და მოხდეს მათი სტიგმატიზაცია და რეპუტაციის შელახვა, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ,,ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
,,ამ კანონის მომხრე ,,ქართული ოცნების“ და ,,ხალხის ძალის“ გარდა არ არის არავინ საქართველოში. ამ კანონს აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორიც, საქართველოს პრეზიდენტიც და ოპოზიციაც. ამ კანონის მიღების არანაირი აუცილებლობა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ის არ არის არც რუსული და არც ამერიკული კანონის ანალოგი. ეს არის ,,ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კანონი, რომლის ერთადერთი მიზანიც არის მათი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას შეუწყოს ხელი. ამ კანონის მიზანი არის, რომ სიტყვა ,,აგენტი“ (უცხო ქვეყნის აგენტი) დაუკავშირონ არასამთავრობო სექტორს, რაც საქართველოში მოღალატეობასთან არის ასოცირებული და ამ თვალსაზრისით მოხდეს მათი სტიგმატიზაცია და რეპუტაციის შელახვა. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ისედაც ვალდებულები არიან გადაიხადონ გადასახადები, ჩააბარონ დეკლარაციები, მათი შემოსავლები სახელმწიფოსთვის ისედაც ცნობილია და ყველა თავმოყვარე არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს თავის წლიურ ანგარიშს, სადაც ასახავენ შემოსავლებსაც, ხარჯებსაც, დაფინანსებასაც და დონორების შესახებ ინფორმაციაც. რა თქმა უნდა, რაღაც ფინანსური მიზანი გაკონტროლების ამ კანონს არ გააჩნია. ამ კანონს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მოხდეს მათთვის, ამ კანონის სუბიექტებისთვის შესაბამისი იარლიყის მიკერება - ეს არის უცხო ქვეყნის აგენტი და უცხო ქვეყნის აგენტი, თუ მაგალითად, ამერიკაში ეს არ არის შეურაცხმყოფელი კონოტაციის მატარებელი, საქართველოში ეს პირდაპირ ასოცირდება ქვეყნის ღალატთან“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.