რომან გოცირიძეს, თავისი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, გარკვეული ცოდნა და ინტელექტუალური რესურსი აქვს, აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანების პარტიიდან გასვლა, პარტიის ისედაც მძიმე პოლიტიკურ დონეს კიდევ უფრო ქვემოთ სწევს და კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩამოყალიბდა, როგორც პარტიას, რა უნდა.
„გავიგეთ, ზოგადად, უნდათ, ხელისუფლება დაიბრუნონ, მაგრამ ეს ხელისუფლება როგორ დაიბრუნონ, წარმოდგენა არ აქვთ. არც პოლიტიკური ხედვა აქვთ, არც ინტელექტუალური რესურსი და არც ტაქტიკა. გაჭედილი არიან მიხეილ სააკაშვილის პრობლემასა და თავიანთ გლობალურ პრობლემას შორის. სრულ გაურკვევლობაში არიან, რომ იტყვიან, კედლიდან კედელს ეხეთქებიან. მათი დასტაბილურება დღეს უკვე თითქმის წარმოუდგენელია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რომან გოცირიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.