მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ. აქედან გამომდინარე, „მაგნიტსკის სიებზე“ მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს ვიღაც სააკაშვილის სიცოცხლეს ანადგურებს და ამიტომ სიაში უნდა შევიყვანოთ, პერსპექტიული არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“საქართველოს მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, ჩვენ შეგვიძლია ბევრი სია გავაკეთოთ მათი არასწორი ქმედებების და არასწორი გადაწყვეტილებების ჩამონათვლით. შეგვიძლია, მილიონ რამეში გავაკრიტიკოთ, მაგრამ შევქმნათ „მაგნიტსკის სია“ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში აწამებენ, მაგის არ მჯერა. თუ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნება“ სიაში უნდა შევიყვანოთ იმის გამო, რომ სააკშვილს აწამებენ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიხელ სააკაშვილს არ აწამებენ და ეს ყველაფერი რაღაცნაირი ბუშტი იქნება. მიხეილ სააკაშვილს ციხე არ მოსწონს. ტყვეობაში ცუდად ხდება, შესაბამისად, მისი ავადმყოფობა არის არა წამების გამო, არამედ იმის გამო, რომ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად არ გრძნობს. მისი დაავადებაც და მისი ნერვიული სტრესიც აქედან გამომდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას”, - თქვა ხვიჩიამ.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სააკაშვილის მოწამვლის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
„ვინც გინდა იმან გააკეთოს დასკვნა, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად და კარგად არ გრძნობს. ციხეში ის ისეთი ლაღი არ არის, როგორიც გარეთ იქნებოდა. მაგრამ ამის იქით რაც არის, მოწამვლა და ის კვდება, არ კვდება, ეს მესმის უკვე წელიწადზე მეტია. შესაბამისად, დავიტოვებ ნებას, რომ ოდნავ სკეპტიკური ვიყო ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.