იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებულს მედიკამენტებს სამედიცინო პერსონალი აწვდის, საკვებს კი, მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირებისაგან იღებს:
„მედიკამენტებს, მას, ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი. შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე განაცხადებს, რომ მან შეიძლება ვინმე მოწამლოს, არის სრულიად ამორალური. რაც შეეხება საკვებს, მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რასაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ესენი არიან ოჯახის წევრები და სხვა ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა“, − განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაქცია და დაუყოვნებლივ მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, მაგრამ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.