„ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს, ფსიქიატრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ილიაუნის პროფესორმა, ირმა კირთაძემ მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.
მოქალაქეებს აინტერესებდათ - აქვს თუ არა კანაფს რაიმე დადებითი ეფექტი? უნდა ჰქონდეს თუ არა ექიმს შესაძლებლობა საქართველოში სამკურნალო მიზნით დაუნიშნოს პაციენტს კანაფის პრეპარატები? კანაფის მოხმარება იწვევს შიზოფრენიას?
ირმა კირთაძე, ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიაუნის პროფესორი:
სინამდვილეში, მეცნიერებამ ვერ დაადასტურა, რომ კანაფის მომხარება პირდაპირი წესით არის მიზეზი შიზოფრენიის. თუმცა, რაც დაასაბუთა მეცნიერებამ, ეს არის შიზოფრენიის განვითარება იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ გარკვეული წინასწარგანწყობა ამ ფსიქიკური აშლილობისადმი. ეს ნიშნავს იმას, რომ მის გენეტიკაში, თუ ოჯახი დატვირთულია ფსიქიკური აშლილობის გენეტიკური ისტორიით, ასეთი ადამიანი უფრო მეტად მოწყვლადია ფსიქიკური აშლილობის განვითარებისადმი კანაფის მოხმარების შემთხვევაში, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი წინასწარგანწყობა არ აქვს. ფსიქიკური აშლილობის განვითარების წინასწარგანწყობის არსებობისას კანაფის მომხარება შეიძლება იყოს ფსიქიკური აშლილობის გამშვები მექანიზმ. ანუ, ფსიქიკური აშლილობის განვითარების ტრიგერი. ამიტომ კანაფის მომხარება, ამ მხრივ, საფრთხილოა. კანაფი მოწია, „ჩარჩა“ და „გააგიჟა“, ასე არ არის. თუმცა, კანაფის მოხმარებას, თავისთავად ახლავს ჰაშიშური ფსიქოზის განვითარების რისკები, ამ მხრივაც არ არის მარტივი ნივთიერება.
რაც შეეხება მის სარგებლიანობას - მოდი, ასე შევხედოთ, როდესაც ვსაუბრობთ, ზოგადად, ნარკოტიკებზე უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკებმა მედიცინაში რევოლუცია მოახდინა და ადამიანებს გვაჩუქა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ის რომ ნარკოტიკი არის ცუდი, არ არის სწორი დებულება. ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება - როდის რა გამოიყენო და შესაბამისი ჩვენება. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად, რომ კანაფი ცუდია და კანაფი კარგია, ეს დებულებებიც არასწორია. აქვს მას ის ელემენტები, რომელიც, შესაძლოა, ადამიანმა გამოიყენოს სათავისოდ, პოზიტიურად. მას შემდეგ, რაც გლობალურად შემსუბუქდა კანაფის მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკა, მეცნიერებისთვის კანაფის კვლევა ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ამ ნივთიერების ძალიან ბევრი სასარგებლო პოტენციალი გამოაჩინა. ფსიქიატრიაც კი ალაპარაკდა უკვე იმაზე, რომ ძალიან დიდი დრო გაგვექცა ამასობაში, სანამ კანაფი აკრძალულლი იყო, რომ შეგვესწავლა მისი სარგებლიანობა.
ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-ში, დღესდღეობით, კანაფი მედიცინაში გარკვეული სამკურნალო მიზნების მიზაღწევად გამოიყენება. განსაკუთრებით აღვნიშნავ გერმანიას, რადგან რამდენიმე თვის წინ, მოწვეული გვყავდა გერმანელი სპეციალისტი, ფსიქიატრი, რომელმაც გაგვიზიარა გერმანიაში კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკა. იგი გამოიყენება განსაკუთრებულად იშვიათი ფორმის ეპილეფსიის შემთხვევაში, როდესაც გულყრების რაოდენობა არის დღეში ასზე მეტი, ორასი. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის განვითარებაზეც კი ზედმეტია საუბარი. მეტყველების განვითარებაც კი ჩამორჩება. არ იცის ბავშვმა, ვერ სწავლობს, იმიტომ რომ ხშირი გულყრების მდგომარეობაშია. კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტით, გულყრების რაოდენობა ჩამოდის დღეში ერთამდე, კვირაში ერთი-ორამდე. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა შვებაა, მშობლისთვის და რა თქმა უნდა, უპირველესად, ბავშვისთვის, რომ მან ნორმალურად იცხოვრო, განვითარდეს და არ იყოს მუდმივი გულყრების მდგომარეობაში. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად, კანაფი ცუდია, ასე საუბარი არ იქნება სწორი. დღეს ძალიან ბევრი კვლევა კეთდება, ისეთი, როგორიცაა კანაფის პროდუქტებში, სხვადასხვა ნივთერებებში სიმსივნის საწინააღმდეგო პოტენციალის ძიება.
ერთმნიშვნელოვნად, უკვე დასაბუთებულია კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების გამოყენება, ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში, როდესაც ხდება ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით ხდება დანიშვნა. მაგალითად, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა-ღებინების, მოდუნება-აპათიურობის შემთხვევაში. ამას იმდენად კარგად ალაგმავს, კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტი, რომ არჩევის პრეპარატი ხდება. მე ვიტყოდი, კონკურენტული პრეპარატი ხდება ოპიოიდებთან მიმართებაშიც, მაშინ როცა საჭიროა ისეთი ტკივილის გაყუჩება, მაგრამ არაა საჭირო ძლიერი ოპიოიდი და ვერც ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი დაინიშნება, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამო. ამ შემთხვევაში, ექიმებისთვის შეუცვლელი არჩევის პრეპარატია. ეს საკითხი ექიმზეა მინდობილი. ექიმი, თავისი განათლებით, ფლობს იმ განათლებას-უნარებს და კომპეტენციას, რომ მან გადაწყვიტოს, როდის რა მედიკამენტი დანიშნოს. ასეთი მედიკამენტების არსებობა მედიცინაში და მათი გამოყენება, ბევრისთვის შანსია უკეთესი შედეგის და ბევრი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია“.
„ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;