რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა, რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ – ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში. ეს მათთვის უკვე შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა, თუმცა, პრემიერის თქმით, გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა, რომ არა რევოლუციების მცდელობა გასული ოთხი წლის განმავლობაში.
„ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები – 9,7%-ია საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რითაც პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში არ გვქონდა ხუთიდან არც ერთი რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში იყო სიმშვიდე, არავითარი არეულობის მცდელობა და ასე შემდეგ. 9,7% იქნებოდა სავარაუდოდ 12,7%. თავის მიზანს რაღაც დონეზე მაინც აღწევენ და ამითაც კმაყოფილი არიან. მაგალითად, რუსთაველზე რომ გამოდის 150 კაცი, შეიძლება, 0,1%-ით აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ეს უკვე შედეგია მათთვის, ბედნიერები არიან მათი პატრონები. შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს და ამით უკვე კმაყოფილები არიან. ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე, საუბრობენ ტელევიზიიდან და სიძულვილს ავრცელებენ. ეს არის სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, უნდა შეგვეცოდოს ეს ადამიანები, რადგან მძიმე პროცესში არიან შესული და, მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.