საკანონმდებლო ორგანოს ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა იმის გამო, რომ მის გადაწვას ცდილობდნენ. რამდენიმე სამუშაო ოთახი მთლიანად დაიწვა. რომ არა პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და აქ მყოფი მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი, როგორც 90-იან წლებში გადაწვეს, ასე იქნებოდა გადამწვარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სწორედ აქციების დროს აპირებდნენ, რომ საქართველოში 90-იანი წლები დაებრუნებინათ.
„თვალები და მეხსიერება ყველას გვაქვს. წარსულის შეცვლას რაც არ უნდა შეეცადონ, ისინი არიან მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა პოლიტიკის წარმოების საშუალებაა. ფაქტი ჯიუტებია – ყველას გვახსოვს ამოღებული მოლოტოვის კოქტეილები, მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი მასალები. ელენე ხოშტარიას განცხადებებიც გვახსოვს – „დიახაც, ჩვენ ვყიდულობთ პიროტექნიკას და ვესვრით პოლიციელებსო“. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვა , იდავონ ერთმანეთში. არ გეგონოთ, რომ ამას ტყუილად აკეთებენ. „იმედს“ და „პოსტვის“ სანქციები ამიტომ დაუწესეს და ცდილობენ, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება გარედან შეზღუდონ და მედიები დახურონ, რადგან როგორც კი, ისინი ხელში ჩაიგდებენ საინფორმაციო ველს და მით უმეტეს, თუ ხელში ჩაიგდებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ისინი როგორც ორუელის „1984-შია“, ისე შეცვლიან რეალობას და ისე წარმოაჩენენ რაღაცას, როგორც არმომხდარს და პირიქით, რაც არ მოხდა, იმაზე ისე იტყვიან, რომ მოხდა, როგორც დაგიბარებიათ. ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ დიახ, ასე იყოო. ამას არ აკეთებს, ევროკავშირის ელჩი, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს არ გმობს? – ამით მისივე დაფინანსებულ „საერთაშორისო გამჭვირვალეობას“ ლეგიტიმაციას აძლევს, რომ ღობის საქმეზე ისაუბროს და არა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე. საერთო ჯამში, ეს არის საინფორმაციო საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც სწორედ გარედან არის ორკესტრირებული, მხარდაჭერილი და წარქეზებული.
მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრი და დაუჯერებელი ტყუილი ილაპარაკონ, რომ შემდეგ ადამიანები დააჯერონ. ევროკავშირის ელჩი ვიდრე საკუთარი სიტყვებით არ დაგმობს 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, მისთვის ამის შეხსენებას არ მოვეშვები, რადგან თავისი არდაგმობით ხვალინდელ ძალადობას ახალისებს. ყოველ შემდეგ ძალადობაში მისი პირადი პასუხისმგებლობაა. მისთვის წერილობითაც მიმიმართავს, რომ ძალადობა დაეგმო, მაგრამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ელჩს არც ერთი ძალადობა არ დაუგმია. თითქოს საბავშვო ბაღი ვიყოთ, გადმოგვიგდებს, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას, ზოგადად. სად გმობს, ანტარქტიდაში თუ ავსტრალიაში? – პირდაპირი პასუხი გვჭირდება, გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? – მანამდე, სანამ ამ სიტყვებს არ იტყვის, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და ამ შტურმში მონაწილეთა დამცველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.