„ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა და ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფუნდამენტურ რეფორმებზე უნდა იფიქროს.
„მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება. ამიტომ მე არ მექნებოდა დიდი მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, რათა ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც. ახლა ნიკა მელია წავა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერი იქნება მის ადგილას, მე ვერ ვხედავ, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს. ბუნებრივია, დიდ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვნახოთ, იქიდან რა გამოვა. ჩვენ ველოდებით, იქ ვითარება დროზე გაირკვეს, რომ ვიპოვოთ ადამიანი, ვისაც დაველაპარაკებით და ვინც პასუხისმგებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე“, – განაცხადა ხვიჩიამ