ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობების საკრედიტო რისკი შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დროს შინამეურნეობების გაუარესებული გადახდისუნარიანობა უმოქმედო სესხების წილის ზრდაში აისახა, თუმცა, ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, სესხების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, საყურადღებოა სამომხმარებლო სესხების მაღალი ზრდის ტემპი და ინფლაცია. ეს უკანასკნელი უარყოფითად აისახება შინამეურნეობების რეალურ შემოსავლებზე. აღნიშნული რისკის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია დაბალშემოსავლიანი და ვალის მომსახურების მაღალი ტვირთის მქონე შინამეურნეობები. გლობალურად გაზრდილი ინფლაციის ფონზე ასევე საყურადღებოა უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც შინამეურნეობების სესხის მომსახურების ტვირთზეც აისახება. კლებადი ტენდენციის მიუხედავად, სესხების დოლარიზაცია ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. აღნიშნული რისკების საპასუხოდ და მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ზრდის ხელშესაწყობად ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ცალკეული მოთხოვნები განაახლა.
კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 10 წლამდე შემცირდა, სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდა, ცვლადგანაკვეთიანი სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკის გათვალისწინება გახდა საჭირო და სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა, დროებით, 4-დან 3 წლამდე შემცირდა“, - წერია ანგარიშში.