გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის ინიციატივას. ამის შესახებ შოლცმა 11 აგვისტოს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეს არის პუტინის ომი. ამიტომ მიჭირს ამ იდეას დავეთანხმო", - ციტირებს კანცლერის სიტყვებს გამოცემა Tagesspiegel-ი.
შოლცის თქმით, ევროკავშირმა უკვე დააწესა უამრავი პერსონალური სანქცია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანების წინააღმდეგ.
თუმცა, ის გამართლებულად არ მიიჩნევს რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების შემოღებას. მისი თქმით, ასეთი აკრძალვა შეასუსტებს სანქციების ეფექტურობას "თუ ისინი მიმართული იქნება ყველაზე, მათ შორის უდანაშაულოების წინააღმდეგ".
ცოტა ხნით ადრე, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.
8 აგვისტოს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეზღუდვას მიემხრო ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი. მისი განცხადებით, "არასწორია, რომ რუსეთის მოქალაქეები ისე განაგრძობენ ცხოვრებას და ევროპაში ტურისტულად მოგზაურობას, თითქოს არაფერი მომხდარა".
5 აგვისტოს ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.