13 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადსა და ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
მონიტორინგის არხების ცნობით, დრონებმა იერიში ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს. სამრეწველო ზონაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით აფეთქებების ხმა უშუალოდ საწარმოს ტერიტორიაზეც გაისმა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დრონებით განხორციელებული თავდასხმა დაადასტურა. მისი განცხადებით, ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
როგორც Telegram-არხი ASTRA წერს, ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით ღამით განხორციელებული თავდასხმისა და „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ვოლგოგრადში ავტოგასამართ სადგურებთან რიგები გაჩნდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოკადრები, რომლებშიც საწვავის შესაძენად მისული ავტომობილების რიგები ჩანს.
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა და კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.
ქარხანა 1957 წლიდან ფუნქციონირებს და მისი წლიური წარმადობა დაახლოებით 14.8 მილიონი ტონა ნავთობია.
საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, ნავთობპროდუქტებს, ნავთობის კოქსს, ბიტუმსა და საბაზისო ზეთებს. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.