ესტონეთი საზღვრებს დახურავს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ტალინის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
გადაწყვეტილება ერთი კივირს შემდეგ შევა ძალაში და მხოლოდ ცალკეული გამონაკლისებით იმოქმედებს.
ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს უკვე აღარ გასცემს, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზები აქვთ, ქვეყანაში შესვლას ვეღარ შეძლებენ.
"ერთ კვირაში ესტონეთის რესპუბლიკის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებზე სანქცია გავრცელდება. სანქცია ნიშნავს, რომ ვიზები ძალაში დარჩება, მაგრამ მათი მეშვეობით ესტონეთში შესვლა აიკრძალება", - თქვა რეინსალუმ.
როგორც რეინსალუმ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემულ ვიზებს და არ ვრცელდება შენგენის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე.
მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება გამონაკლისს ითვალისწინებს. კერძოდ, გამონაკლისი დაიშვება დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთა შესვლა ესტონეთი აუცილებელია ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ისევე, როგორც მოქალაქეობისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ესტონელთა ახლო ნათესავებისთვის. გარდა ამისა, ესტონეთში შევლენ ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირის კანონმდებლობით თავისუფალი გადაადგილების უფლება აქვთ.
ამავდროულად, ესტონეთის მთავრობა გეგმავს, მომავალ კვირას განიხილოს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ესტონეთში შესვლის აკრძალვის საკითხი.