"დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები უნდა ჩაუკეტონ" - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ადრე დაწესებული ყველა სანქცია სუსტია რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ერთი წლით ჩაკეტვასა და რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე სრულ ემბარგოსთან შედარებით.
"ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან რუსები იტაცებენ უცხო ტერიტორიებს", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ, "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან".
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავის წილი პასუხისმგებლობა აიღოს მიმდინარე მოვლენებზე, რადგან პუტინი მათი არჩეულია და ისინი რეჟიმს არ ებრძვიან.
"რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ მათ, წავიდნენ რუსეთში. მაშინ ისინი მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ, ამ ომს ჩემთან რა საქმე აქვს. მთელი მოსახლეობა ვერ აგებს პასუხს, ეს შესაძლებელია? კი შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან, არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ამბობთ, რომ მთელი სამყარო თქვენი წესებით უნდა ცხოვრობდეს. მაშინ წადით და იცხოვრეთ რუსეთში. ეს ერთადერთი გზაა პუტინზე ზემოქმედებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.