ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეზღუდვას ემხრობა.
ეროვნული მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში სანა მარინმა განაცხადა, რომ "არასწორია, რომ რუსეთის მოქალაქეები ისე განაგრძობენ ცხოვრებას და ევროპაში ტურისტულად მოგზაურობას, თითქოს არაფერი მომხდარა".
"ეს უსამართლოა. ვიცით, რომ რუსები იყენებენ ფინეთს, როგორც სატრანზიტო პუნქტს, ჩვენი მეშვეობით მიდიან სხვა ქვეყნებში დასასვენებლად. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მთავრობაში და დისკუსია გაგრძელდება", - განაცხადა მარინმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს წინადადებებზე, თუ რა შეზღუდვების დაწესება იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, 4 აგვისტოს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ჰელსინკი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას აპირებს.
მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებას, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს განიხილავენ.
ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთი აპირებს, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა ეს ზომები სინქრონიზებული უნდა იყოს შენგენის ზონის წევრ სხვა ქვეყნებთან.
5 აგვისტოს ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეთათვის ტურისტულ ვიზებს კვლავ გასცემს, თუმცა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მოძრაობა აღარ არის. საჰაერო სივრცე რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩაიკეტა.