ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვში ლატვიის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული. მასში ნათქვამია, რომ საელჩო აღარ იღებს სავიზო განაცხადებს რუსებისგან "საერთაშორისო ვითარების გამო".
ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ახლო ნათესავის ლატვიაში დაკრძალვაზე გამგზავრების აუცილებლობა.
მანამდე, 1-ელ აგვისტოს, ლატვიამ შეაჩერა შეთანხმება რუსეთთან სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ. რიგაში ეს იმით ახსნეს, რომ რუსეთმა დახურა ლატვიის საკონსულო ფსკოვში - ეს იყო ერთადერთი დიპლომატიური მისია, რომელიც რუსებისთვის საზღვრის გადაკვეთის ნებართვას გასცემდა. შეთანხმება ძალაში 2010 წლიდან იყო.
შეგახსენებთ, 28 ივლისს ესტონეთმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემას შეწყვეტდა.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეთათვის ტურისტულ ვიზებს კვლავ გასცემს, თუმცა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მოძრაობა აღარ არის. საჰაერო სივრცე რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩაიკეტა.