უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას გადაყენების მოთხოვნით უმაღლეს რადას მიმართა.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, გენერალური პროკურორის გადაყენებას უმაღლესი რადის თანხმობა სჭირდება.
დადგენილების პროექტი, რომელსაც რადამ უნდა უყაროს კენჭი, საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვენედიქტოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ივან ბაკანოვთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მოგვიანებით ზელენსკიმ თავისი გადაწყვეტილება ვიდეომიმართვისას განმარტა.
"დღეის მდგომარეობით, პროკურატურის, წინასწარი გამოძიებისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ღალატისა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის 651 საქმეა აღძრული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რიგი და უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები, სერიოზულ კითხვებს ბადებს შესაბამის ლიდერების მიმართ. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ზელენსკიმ რადას წარუდგინა წინადადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ივან ბაკანოვის გადაყენების შესახებ.
ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს 2019 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. ირინა ვენედიქტოვა 2020 წლის მარტში გახდა გენერალური პროკურორი.