უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი გაათავისუფლა.
ცნობილია, რომ ირინა ვენედიქტოვას ამ თანამდებობაზე, დროებით, მოადგილე ალექსეი სიმონენკო შეცვლის.
როგორც ცნობილია, ბაკანოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინარული წესდების 47-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა.
ამ მუხლის თანახმად სამსახურის უფროსის გათავისუფლება შესაძლებელია "სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობისთვის (არასანდოდ შესრულებისთვის), რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგები ან შექმნა ასეთი შედეგების საფრთხე".
მოგვიანებით ზელენსკიმ თავისი გადაწყვეტილება ვიდეომიმართვისას განმარტა.
"დღეის მდგომარეობით, პროკურატურის, წინასწარი გამოძიებისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ღალატისა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის 651 საქმეა აღძრული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რიგი და უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები, სერიოზულ კითხვებს უქმნის შესაბამის ლიდერებს. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს 2019 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. ირინა ვენედიქტოვა 2020 წლის მარტში გახდა გენერალური პროკურორი.