ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა.
სანქციათა ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვასა და სანქცირებულ პირთა და კომპანიათა სიის გაფართოებას.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი შემზღუდავი ზომები მომზადებულია, ასევე, ევროკავშირის სანქციების ექვსი პაკეტის მხარდასაჭერად და მათი ეფექტურობის გასაზრდელად. კერძოდ, გაძლიერდება კონტროლი რუსეთში მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საქონლი ექსპორტზე.
Reuters-ის ცნობით, ეს შეეხება ქიმიურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიას. გარდა ამისა, გაძლიერდება ანგარიშგების მოთხოვნები, რათა გამკაცრდეს კონტროლი სანქცირებული აქტივების გაყინვაზე.
ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები არ არის მიმართული რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ასეთ ექსპორტზე შეზღუდვები დაზუსტდება ახალ პაკეტში, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი ინტერპრეტაცია.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კომპანია შიშობს სურსათის ტრანსპორტირებას რუსეთის პორტებიდან, რომლებსაც სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფო კორპორაციები ფლობენ. "ახალი პაკეტი განმარტავს, რომ ეს პორტები გათავისუფლებულია შეზღუდვებისგან", - განუცხადა წყარომ Reuters-ს.
ამავდროულად, კომისია აპირებს, გაამკაცროს მოქმედი აკრძალვა რუსული გემების ევროკავშირის პორტებში შესვლის შესახებ, რათა მათ არ შეეძლოთ სანქციების გვერდის ავლით განტვირთვა ნავსადგურებზე, რომლებიც ფორმალურად არ ექვემდებარებიან შეზღუდვებს.
როგორც Deutsche Welle იტყობინება, სანქციების მე-7 პაკეტით გათვალისწინებული წინადადებები შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 18 ივლისის სხდომაზე განიხილონ, თუმცა ამავე დღეს ახალი შეზღუდვების დამტკიცება მოსალოდნელი არ არის.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი აპირებს სანქციების განხილვას მომავალ კვირას და მათ მიღებას ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე.
"რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ სუსტდება. შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ შეთავაზებით, გავამკაცროთ ჩვენი მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ, შევასრულოთ ისინი უფრო ეფექტიანად და გავაგრძელოთ ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"ევროკავშირის სანქციები არის მკაცრი და ძლიერი. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას. დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ წევრებთან. ამ ზომებთან ერთად, მე ასევე საბჭოს წარვუდგენ ინიციატივას სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირებისა და კომპანიების შეყვანის შესახებ, მათი ანგარიშების გაყინვით და მოგზაურობის შეზღუდვით", - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეპ ბორელმა.
სანქციების ძალაში შესვლისთვის უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩებისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ.