"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ "ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა და დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ქვეყნისთვის იმუშაონ".
"ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას ჰყავს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება იწყებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, გახსნა კარი და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაუჯერონ ევროკავშირის რეკომენდაციებს, დაასრულონ პოლარიზაცია და პროცესს შეუერთდნენ.
ვინც შეუერთდება ის ამ რეკომენდაციებს ასრულებს, ვინც არ შეუერთდება - ის ანტიევროპულად იქცევა და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს.
ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე შეიძლება იყოს გამოყენებული. ვინაიდან არჩევნებით ვერ ახერხებენ ხელისუფლების მოპოვებას, ცდილობენ რამენაირად იპოვონ მიზეზი, რაც მათ ექსტრემალურ ვითარებაში, არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოიყვანს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.