ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ეროვნული თანხმობის მთავრობის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება ამ მთავრობის სახელებიც.
"ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. რეალურად კი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყანაში რამენაირად მოახდინონ დესტაბილიზაცია და არეულობის მიღწევა. ეს არ ჯდება ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე. სამოქმედო გეგმა რომ შესრულდება, ამაზე მკაფიო განცხადებები გაკეთდა. სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ ერთადერთი მოთხოვნა მაინც შეასრულონ, პარლამენტში იმუშაონ ამ საკითხებზე და კონსტრუქციულები იყვნენ. როცა საუბარია ოპოზიციის ჩართულობაზე, ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ამ პროცესიდან რამენაირად თავი ამორთოს და გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ კონსტიტუციურ, დემოკრატიულ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს. ასევე არც დღის წესრიგში არ ჯდება, რაც ევროკავშირ-საქართველოს აქვს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.