რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთს დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვალის გადახდის საშეღავათო პერიოდი 27 ივნისს ამოეწურა. ამ თარიღზე ვალის გადაუხდელობა ავტომატურად დეფოლტად ჩაითვალა.
თავად რუსეთ არ აღიარებს დეფოლტის მოვლენას. აცხადებს, რომ აქვს ფული გადასახდელად და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციებმა შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღება.
უკრანაში გაჩაღებული ომის შემდეგ, რუსეთს ფართომასშტაბიანი ფინანსური სანქციები დაუწესდა. ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების ნახევარი კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას.
გასულ კვირას, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ საგარეო ვალის მომსახურებისთვის რუსეთს ხელოვნურ წინაღობებს უქმნიან, რათა ქვეყანას "რამენაირად დეფოლტის იარლიყი მიაწებო", მაგრამ "ყველა ხვდება, რომ ეს არავითარი დეფოლტი არ არის".
Bloomberg-ი დეფოლტს რუსეთის ეკონომიკისა და რუსებისთვის, რომლებიც უკვე განიცდიან ორნიშნა ინფლაციას და ყველაზე უარეს ეკონომიკურ ვარდნას ბოლო წლების განმავლობაში, სიმბოლურ მოვლენად აფასებს.
პირველად დეფოლტი რუსეთში 1918 წელს გამოცხადდა, როცა ბოლშევიკებმა უარი თქვეს მეფის რუსეთის საგარეო ვალების გადახდაზე.