ოპოზიციას აქვს გარკვეული გეგმა შემუშავებული, ორი თვის წინ როდესაც შეიკრიბნენ ბაკურიანში, როგორც მათ გამოაცხადეს „წალეკვის“ გეგმა. ეს არის ტერმინი მათი, რომელიც გამოიყენეს წინა აქციაზე. ეს არის ის გეგმა, რომელსაც არ უწერია განხორციელება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს არღვევს.
„ისინი ვერ ფიქრობენ, რომ შესასრულებელია მათი მხრიდან პირველი პუნქტი იმ დოკუმენტის, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ, ეს არის დეპოლარიზაცია, ამ პირველი რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებენ. ეს არის მათი სახე და აქედან ჩანს, რომ სწორედ ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა. ერთადერთი, ვინც არის გაერთიანებული, ესენი არიან ბაკურიანის შეკრების მონაწილეები. აქ იყვნენ „ნაცმოძრაობა“, მისი კუთვნილი ენჯეოები და მედიასაშუალებები. ისინი არიან გაერთიანებული. ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, ე.წ. წალეკვა, რაც დაანონსეს და რასაც განხორციელება არ უწერია. მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის. ვერ ეღირსებიან საქართველოს წალეკვას, საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ესაა ჩვენი დღის წესრიგი, მათი დღის წესრიგია ქვეყნის წალეკვა, ეს არის პოლარიზაციის დღის წესრიგი. ისინი პირდაპირ არღვევენ იმ პირველ პუნქტს, რომელიც არის ჩადებული ევროკომისიის რეკომენდაციაში. კომისიამ ეს რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩადო სამივე ქვეყანასთან მიმართებით, გამომდინარე აქედან, ცალკეულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არის სპეკულაცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით, საქართველოში არიან თუ არა ოლიგარქები ჩართული პოლიტიკაში. რა თქმა უნდა არიან, ეს არის კეზერაშვილი, ჯაფარიძე, ხაზარაძე და სააკაშვილი. ეს არის ოთხი გვარი, რომელიც გვახსენდება. ისინი არიან პირდაპირ ჩართული პოლიტიკაში, აქვთ გავლენა პირდაპირ მედიაზე და აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რაც მითითებულია უკრაინულ კანონში. ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის მცნების ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო, რადგან ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში“, – განაცხადა კობახიძემ.