"პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციამ ლექსიკონიდან უნდა ამოიღოს სიტყვები - "პრორუსული ხელისუფლება", "რიგგარეშე არჩევნები" და ა.შ.", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის მოწოდებას პოლარიზაციის შემცირების შესახებ ოპოზიცია დღემდე უხეშად არღვევს.
"როგორც მოგეხსენებათ, ევროკომისიის დოკუმენტში პირველ პუნქტად წერია ის, რომ საქართველოში უნდა შემცირდეს პოლარიზაცია. თუმცა, ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა საქართველოში. ოპოზიცია ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში არღვევდა ამ პუნქტს და დღემდე არღვევს უხეშად პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას. თქვენ ნახეთ რიტორიკა გასული 4 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ერთადერთი პუნქტის შესრულება ევალება ოპოზიციას და ხედავთ, რომ ამასაც არ ასრულებს. ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, ეს არის მათი დამოკიდებულება ღირებულებებისადმი და აქედან ძალიან კარგად ჩანს, რომ სინამდვილეში მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ, მათ აქვთ საპირისპირო გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ დეპოლარიზაციის მიმართულებით. იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს ქვეყანაში, საჭიროა, მინიმუმ, ლექსიკონიდან ამოიღოთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის, მაგალითად, "პრორუსული ხელისუფლება", "პუტინისტური ხელისუფლება", ლექსიკონიდან ამოვიღოთ "გადატრიალება", "რიგგარეშე არჩევნები" და ასე შემდეგ, თუმცა, ამას არა ვერ ახერხებთ, არამედ, არ ახერხებთ, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი გზა არის არა ევროპული, არამედ არის მთლიანად სხვა მიმართულებით", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.