საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და აქციაზე გასული იყვნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის, პირადად ჩემი მეგობრები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა.
„რა თქმა უნდა, ორგანიზატორები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური და ისინიც, ყველა მიხვდა, რომ ბევრი პოლიტიკოსის იქ მისვლა მხოლოდ აქციის დისკრეტიდაციას ახდენდა. ამიტომ იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ და იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ადამიანები.
ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის მიერ წარდგენილ მოთხოვნებს, აქციაზე რას ითხოვენ ორგანიზატორები ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის მოთხოვნებს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, აქციაზე გამოსული ადამიანებიც სწორედ ამას ითხოვდნენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.