ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო, ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ახორციელებს საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებთან, ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ახორციელებს საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას.
საქონლის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე 20 საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. საქონელი 1000-ზე მეტი მებაჟე-ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების საბაჟო კონტროლის გასაძლიერებლად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით განთავსდა რენტგენ-სკანერები და ადგილზე არის სრული კონტროლი.
ასევე გეტყვით, რომ საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ჯგუფის მიერ შეიქმნა ახალი საბაჟო რისკების პროფილები სამხედრო, ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.
ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს”, - აღნიშნა პრმიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში.
„განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა. მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან სხვა სანქცირებული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სასაზღვრო პოლიციასთან და აქტიურად მუშაობს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მარეგულირებელი პროცედურები საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იქნას რისკები, რაც სანქციებს და სანქცირებულ პროდუქციას უკავშირდება.
„ასევე გეტყვით, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის მოქმედი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაცვას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობას უწევს ავიაკომპანიების და სხვა ავიასაწარმოების მხრიდან აღნიშნული მოთხოვნების დაცვაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლს და კომპეტენციების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებებს ატარებს რეგიონული, საერთაშორისო უსაფრთხოების, ისევე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ხელშესაწყობად”, - განაცხადა პრემიერმა.