ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მამაკაცი, რომელმაც ავტობუსის გაჩერებაზე, არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ყოფილ მეუღლეს დანით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა, დანაშაული აღიარა.
მას ბრალი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაშიც ედება. რა პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე და როგორია დაჭრილის მდგომარეობა:
"ეს შემთხვევა, რაც მე ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. ისე სიზმარი არ მინახია, მე მაგ ქალბატონს, ჩემს ყოფილ მეუღლეს წლების წინ გავუხსენი მეილი. შევედი ამ mail-ზე და შემდეგ Facebook-ზე გადავედი და ვხედავ მიწერ-მოწერას დღეში 50 კაცთან, ყველა უხამს და უცენზურო სიტყვებს. ბავშვს გაუკეთეთ ექსპერტიზა?! ბავშვი არის გამოსაკვლევი. 8 წლის ასაკიდან ეწეოდა ბავშვის პროსტიტუციას. თუ არ ნახოთ ეს ჩემი სიმართლე, ათი სამუდამო მომეცით," - აცხადებს ბრალდებული.
ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.