სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი წევრი ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ჯიშკარიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს განაჩენს და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ილია ჯიშკარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ.