სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის გადაიდო.
სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე ისაუბრა, რაზეც დაცვის მხარემ პოზიციის დაფიქსირება ვერ მოასწრო.
პროკურორმა წარმოადგინა ექსპერტიზის შედეგები, რომლის მიხედვით, დაზარალებულ თამთა თოდაძის ტანსაცმელზე ჯიშკარიანის დნმ აღმოჩნდა, რაც შემხებლობას ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით, ჯიშკარიანის ადვოკატი ამბობს, რომ თამთა თოდაძემ ჯიშკარიანზე ფიზიკურად იძალადა და ჯიშკარიანის დნმ დაზარალებულის ტანსაცმელზე ამიტომ აღმოჩნდა.
თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისივე ბიუროს თანამშრომელი, თამთა თოდაძე უჩივის და სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 11 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯიშკარიანს 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
20 მაისს ილია ჯიშკარიანს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცემა და მოსამართლე სათათბიროდ, განაჩენის გამოსატანად გავა.