საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.
პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მალხაზ ბიგვავას მიწის ნაკვეთი ფართობით 2 035 კვ.მ.
ასევე, გამოვლენილია ავტომანქანების სახელმწიფოსთვის იძულებით გადაცემის მორიგი ფაქტი და პროკურატურამ დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ავტომანქანების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წელს ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ბ. დააკავეს. მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მისი ძმა - ზ.ბ. და და თ.ბ. აიძულეს შეეძინათ ორი ერთეული ავტომანქანა, კერძოდ, „ჰიუნდაი სონატა“ და „ტოიოტა ქამრი“ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. აღნიშნული პირობის შესრულების შემდგომ დ.ბ.-თან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.
დეპარტამენტი მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ მიწის ნაკვეთი და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული ავტომანქანები.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
გარდა აღნიშნულისა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების - ნაპოლეონ ქარქაშაძის და მალხაზ აფრასიძის მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე, გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტები.
ნაპოლეონ ქარქაშაძე 2004 წლის 24 ივლისს დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით და 2004 წლის 27 ივლისს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, ნაპოლეონ ქარქაშაძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების გარეშე სასჯელზე გარიგებით და განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.
ნაპოლეონ ქარქაშაძეს 2004 წლის 25 ივლისს წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, რაც გამოიხატებოდა მისი აგრარული უნივერსიტეტის რექტორად მუშაობის პერიოდში უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მინი ღვინის ქარხანა - „მარანის“ პირდაპირი წესით პრივატიზებისას ყალბი ინფორმაციის მიწოდებასა და უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ იჯარით გაცემაში.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიღმის მინი ღვინის ქარხანა, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული იქნა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თანხმობით, კანონის სრული დაცვით და რაიმე დარღვევას მისი პრივატიზებისას ადგილი არ ჰქონია. ასევე დადგინდა, რომ ნაპოლეონ ქარქაშაძის მიერ არ მომხდარა საქართველოს პრეზიდენტისათვის ქარხნის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდება და ქარხნის ფუნქციონირება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ იყო მომგებიანი. რაც შეეხება მიწების იჯარით გაცემის სამ ეპიზოდს, გამოძიებით დადგინდა, რომ დასახელებულ პერიოდში მოქმედებდა 1997 წელს მიღებული საქართველოს კანონი „განათლების შესახებ“, რომლის 37-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იყო კანონმდებლობით, საკუთარი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იჯარით გაეცა მის საკუთრება/სარგებლობაში არსებული ქონება. შესაბამისად, აღნიშნული კანონი საგანმანათლებლო დაწესებულებას ქონების იჯარით გაცემისას არ ავალდებულებდა განათლების სამინისტროს თანხმობის მიღებას. ასეთი ვალდებულება საგანმანათლებლო დაწესებულებებს მხოლოდ 2004 წლის 21 დეკემბერს მიღებული ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოეშვათ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მალხაზ აფრასიძეს, მას, იმჟამინდელი სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ბრალი ედებოდა ტ.შ-სთან, კ.შ-სთან, ე.გ-სთან და გამოძიებით დაუდგენელ ვინმე ჟ-სთან ერთად, 2009 წელს მომხდარ ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით, მალხაზ აფრასიძე დაუსწრებლად ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 2231 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მალხაზ აფრასიძე იყო გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მეწარმის მძღოლი და იგი აღნიშნულ შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მალხაზ აფრასიძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობებით.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 451 პირი, რომელთაგან 320 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 115 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 90 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.