ჟურნალისტები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. არხიდან დათხოვნილმა გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა თანამშრომლებმა: იმედა დარსალიამ, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დღეს მორიგი ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ გათავისუფლების ბრძანებებს სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ სახალხო დამცველს უკვე მიმართეს.
იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი "პირველი არხის" ხელმძღვანელობას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას და ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებენ.
დარსალიას განცხადებით, მან, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა გასული კვირის ბოლოს ელექტრონული ფოსტით მიიღეს გათავისუფლების ბრძანება, სადაც წერია, რომ სამივე მათგანი 1 მაისიდან აღარ არიან არხის თანამშრომლები. გადაცემის სხვა ჟურნალისტებს კი, რომლებიც არხზე რჩებიან, განუცხადეს, რომ „ახალი კვირა“ ეთერში აღარ დაბრუნდება.
დადასტურდა, რომ გადაცემა კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო დახურეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელს აწერს არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს საჯარო განცხადებებამდე საქმის კურსში იყო ცენზურის მცდელობის, შავი სიებისა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ფაქტებზე. გათავისუფლების მიზეზში წერია: საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებები" - თქვა "ახალი კვირის" ყოფილმა წამყვანმა
მისივე თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან პრობლემებზე საჯაროდ საუბრის გამო გაუშვა. მათი გათავისუფლება კი მაგალითია ყველა ჟურნალისტისთვის, რომელიც გაბედავს საჯაროდ ისაუბროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიგნით არსებულ მძიმე პრობლემებზე.
ეს არის მესიჯი ყველა თანამშრომლისთვის, რომ გაჩუმდნენ, თორემ სამსახურს დაკარგავენ. სამწუხაროდ, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებით პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული ადამიანების გათავისუფლების, არამედ ჩვენი თავიდან მოშორებით გადაწყვიტეს, ადამიანების, ვინც პრობლემებზე ხმამაღლა ვსაუბრობთ"- აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისი თქმით, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მათი პირველი განცხადებიდან მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გადაწყვიტა, დაეწყო შიდა მოკვლევა და გადაცემის ჟურნალისტების გამოკითხვა ისე, რომ მხილებული თანამდებობის პირები მოკვლევის დასრლებამდეც კი არ ჩამოშორებულან დაკავებული პოზიციებიდან.
გათავისუფლებული ჟურნალისტების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.
იურისტის თქმით, ჟურნალისტები არხიდან უკანონოდ გაათავისუფლეს - არცერთი არგუმენტი, რომელიც ბრძანებაშია მოყვანილი, არ არის კანონმდებლობის შესაბამისი, არღვევს ჟურნალისტების უფლებებს.