საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით, 10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შემოტანა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით, 10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 21 აპრილს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:
„1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.